საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი: ოდიშარიამ წარმატებულ ემიგრანტებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ წარმატებულ ემიგრანტებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე პანდემიის დროს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან სახელმწიფოსა და ეკლესიის "მჭიდრო ურთიერთობაზე" ისაუბრეს. 

"ყურადღება გამახვილდა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა პანდემიის დროს თანამემამულეებს გაუწიეს. ხაზი გაესვა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე, ეკლესიასთან მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობის მნიშვნელობას. ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვითაც მიმართა და თანამემამულეებისთვის გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა". - წერია განცხადებაში.

პარლამენტის ცნობით, 31 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით წარმატებული ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მიღება და სიგელების გადაცემა გაიმართება. 

"​პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო წმინდა სინოდის წევრებს, მიტროპოლიტებს, რომლებმაც გამონახეს დრო და შეხვდნენ ჩვენი წარმატებული დიასპორის წარმომადგენლების ერთ ნაწილს. ჩვენ მდიდრები ვართ ადამიანებით, რომლებიც ახერხებენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახების, ნაცნობებისა და ნათესავებისთვის სიკეთის კეთებას, არამედ, გაჭირვების ჟამს, ისინი გვერდში უდგანან მთელ საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება ადგილსამყოფელ ქვეყნებში. 

ხვალ ვუმასპინძლებთ მიღებას საქართველოს პარლამენტში, რითიც, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას დიასპორის მიმართ. ასევე, პირველ სექტემბერს გაიმართება ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი. არ გვავიწყდება თითოეული ის ადამიანი, რომელიც მართლაც წარმოადგენს ჩვენი დროის გმირს, რომელიც დღესაც, ამ წუთებშიც, იღწვის საკუთარი სამშობლოსა და თანამემამულეებისთვის". - თქვა მან. 

კომენტარები