რუსეთი-ჩინეთი

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

Sergei Grits/AP

30 აგვისტოს რუსეთი და ჩინეთი ვოსტოკის (აღმოსავლეთის) ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ.

ვოსტოკი ოთხ წელში ერთხელ რუსეთის აღმოსავლეთში ტარდება. 2018 წელს ბოლო წვრთნებში ჩინეთიდან და მონღოლეთიდან 300 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.

დასავლელი ოფიციალური პირებისა და თავდაცვის ანალიტიკოსების თქმით, წვრთნებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთს კვლავ აქვს სამხედრო რესურსი. ამასთანავე, ამტკიცებს, რომ კრემლს აქვს უნარი შეინარჩუნოს მჭიდრო ურთიერთობა სხვა არადასავლურ მოკავშირეებთან, მათ შორის ბელარუსთან და ინდოეთთან, რომლებიც წვრთნებს შეუერთდებიან.

პეკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობა ვოსტოკის წვრთნებში "არ უკავშირდება მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციას". რუსეთმა და ჩინეთმა ბოლოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასულ წელს ჩინეთში ჩაატარეს.

იმის გამო, რომ რუსეთის არმიის სამი მეოთხედი, სავარაუდოდ, უკრაინაში იბრძვის, ანალიტიკოსების განმარტებით, წვრთნები ძირითადად "თეატრალური დადგმა" იქნება. 

"ვოსტოკის სამხედრო წვრთნები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ დღეს მას აზრი არ აქვს. უკრაინის ომში ჩართულია თითქმის ყველა რუსული საბრძოლო დანაყოფი. წვრთნებს ატარებენ, რადგან თითქოს ყველაფერი კარგადაა", - თქვა დამოუკიდებელმა რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა, პაველ ლუზინმა.

კომენტარები