ავტოსაგზაო შემთხვევა

ბრიუსელში კაფეს ტერასაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი შევარდა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი კაფეს ტერასაზე, სადაც არაერთი ადამიანი იმყოფებოდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი შევარდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანს მსუბუქი დაზიანებებისა და შოკური მდგომარეობის გამო, დახმარება დასჭირდა. აგრეთვე, დაზიანდა კაფეს მაგიდები და სკამები.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ინციდენტის შემდეგ, მამაკაცი მიკროავტობუსით ადგილიდან მიიმალა. პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს, ქუჩაში მამაკაცის მიტოვებული მიკროავტობუსი იპოვეს.

ჯერჯერობით, უცნობია, შემთხვევა უბრალოდ ინციდენტი იყო, თუ მამაკაცს ეს ყველაფერი დაგეგმილი და განზრახული ჰქონდა. თუმცა, თვითმხილველები ადგილობრივ პრესასთან საუბრობენ, რომ მამაკაცი მაღალი სიჩქარით Rue Saint-Michel-ის ტერიტორიაზე შევარდა, სადაც სავაჭრო ცენტრები და კაფე-ბარები მდებარეობს.

კომენტარები