House of the Dragon

HBO-ში დაადასტურეს, რომ HOUSE OF DRAGON-ს მეორე სეზონი ექნება

House of the Dragon, დეიმონ ტარგარიენი

HBO-მ დაადასტურა, რომ House of the Dragon-ს მეორე სეზონი ექნება - ამის შესახებ გამოცემა Hollywood Reporter წერს.

ამერიკული სტრიმინგ კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ფრანჩესკა ორსის თქმით, ისინი ამაყები არიან იმ შედეგით, რასაც სერიალის გუნდმა პირველი სეზონით მიაღწია.

"ჩვენმა ფენომენალურმა მსახიობებმა და გუნდმა მიიღეს უდიდესი გამოწვევა და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, შემოგვთავაზეს შოუ, რომელიც უკვე აუცილებლად სანახავად მიიჩნევა. დიდი მადლობა ამ თავგადასავალში გაძღოლისთვის თანაშემქმნელსა და აღმასრულებელ პროდიუსერს, ჯორჯ მარტინს და თანაშემქმნელებს, რაიან კონდოლსა და მიგელ საპონჩიკს. არ შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად აღტაცებულები იმ ფაქტით, რომ გავაგრძელოთ ტარგარიენების სახლის ეპიკური საგა მეორე სეზონით". - თქვა მან.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სერია ექნება მეორე სეზონს.

House of the Dragon-ის პრემიერა 21 აგვისტოს შედგა. HBO-ს ინფორმაციით, მხოლოდ ამერიკაში პრემიერას 10 მილიონმა ადამიანმა უყურა. მათივე ცნობით, ეს კომპანიისთვის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი შედეგია.

სერიალი House of the Dragon ჯორჯ მარტინის რომანს, ცეცხლსა და სისხლს ეფუძნება. წიგნში მოქმედება სამეფო კარის თამაშების ამბებამდე 300 წლით ადრე ხდება. ამ ეპოქაში მოხდა შვიდი სამეფოს გაერთიანება, რკინის ტახტზე კი აეგონი ავიდა - ტარგარიენების სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი. სერიალის სიუჟეტი ტარგარიენების მმართველობის რთულ პერიოდს აღწერს, რომელიც შვიდი სამეფოს ისტორიაში დრაკონების ცეკვის სახელით შევიდა. დრაკონების ცეკვა ტახტის პრეტენდენტებს შორის დაწყებული სამოქალაქო ომია. ამავე ეპოქაში გადაშენდნენ დრაკონებიც.

კომენტარები