რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სახ.დეპი: მარიუპოლში უკრაინის დამცველების წინააღმდეგ პროცესი მართლმსაჯულების დაცინვაა

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის მიერ მარიუპოლში დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაგეგმილ სასამართლო პროცესებს მკაცრად გმობს და ამას მართლმსაჯულების დაცინვას უწოდებს.

"რუსეთის მიერ კონტროლირებად მარიუპოლში უკრაინის მამაცი დამცველების წინააღმდეგ დაგეგმილი ე.წ. ტრიბუნალების გამართვით, კრემლი ცდილობს, პრეზიდენტ პუტინის აგრესიულ ომზე პასუხისმგებლობას თავი აარიდოს და რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს.

დაგეგმილი სასამართლო პროცესები არალეგიტიმურია, მართლმსაჯულების დაცინვაა და ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, მათ შორის, ადგილობრივ და უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში არიან გაწევრიანებული, უფლება აქვთ, სამხედრო ტყვეს სტატუსი მიიღონ, თუ ისინი ტყვედ ჩავარდებიან და ჟენევის კონვენციების შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ მათი მკურნალობა და დაცვა.

მოსკოვს მოვუწოდებთ, საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მტკიცედ განაგრძობს, რადგან ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აზოვსტალის მცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას გეგმავს. დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტები აგროვებენ ციხის საკნებს მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე დასადგამად.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები "მოწმეებს" ამზადებენ და პროცესზე რუსული მედია მიჰყავთ. 

"ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რომელსაც რაშისტები განიხილავენ, არის სარაკეტო თავდასხმა შენობაზე. თუ ასეთი შეთქმულება განხორციელდება, რაშისტები  ჩადენილი დანაშაულის უკრაინაზე გადმობრალებას შეეცდებიან, როგორც სჩვევიათ". - წერს უკრაინის დაზვერვა.

რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება.

კომენტარები