ქართული ოცნება

დეგნანი ტელევიზიების სანქცირებაზე: ძალიან სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მოვლენების სამწუხარო განვითარება უწოდა კომუნიკაციების კომისიის მიერ მთავარი არხის, ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის სანქცირებას.

"ძალიან სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება. ეს საკითხია სიტყვის თავისუფლებისა და უფლების, რომ გამოთქვა კრიტიკული აზრი, მათ შორის აზრი, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს. მთავრობის კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია". – თქვა დეგნანმა.

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მთავარი არხი 118 688.67 ლარით დააჯარიმა, ხოლო ტელეკომპანია ფორმულა და TV პირველი წერილობით გააფრთხილა.

ქართულმა ოცნებამ შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში 9 აგვისტოს უჩივლა და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვა. ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.

კომენტარები