ხანძარი

საგანგებო: ამჟამად, ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია

fb/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ამის შესახებ უწყების ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ". - წერია განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

 

კომენტარები