ხანძარი

საგანგებო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს კლიმატური პირობები ართულებს

ეკა საყვარელიძე / Facebook

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს კლიმატური პირობები ართულებს. მისი თქმით, მეხანძრეები ქრობის სამუშაოებს ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი, რომლებიც ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ასევე, გაზრდილია მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდე. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად". – თქვა სუხიშვილმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა.

კომენტარები