ივანიშვილის დეპუტატების წერილი

გამოდის, ენმ-ს რეჟიმის მართვის მოდელი შვეიცარიაშიც დაუმკვიდრებიათ - ივანიშვილის დეპუტატები

"თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ – რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო – გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ" - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მორიგ განცხადებაში წერია, რომელიც აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ გაავრცელეს. მათი მტკიცებით, "საელჩოს ისტერიული სურვილია, ქართული ოცნება ყოვლად დეგრადირებული ნაციონალური მოძრაობით ჩაანაცვლოს". სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გამოქომაგებით, ამერიკის საელჩო ქართულ ოცნებას პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, ნაციონალური მოძრაობა მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ქართული ოცნება და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ". 

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის ინტერვიუსაც გამოეხმაურნენ. თორნტონი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან, თუმცა, NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელს კითხვები აქვს - "რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა".

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის თქმით, "ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა".

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, "რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა – მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა".

"ასეთი "დასავლეთი“ ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს.

გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ – რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო – გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა.

ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის.

ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს.

წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია" - წერია ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების განცხადებაში.

კომენტარები