ხანძარი

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან – მთავრობა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის ძალები ერთვებიან. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ:

  • 250 მეხანძრე-მაშველი;
  • 50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;
  • დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;
  • სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი; 
  • ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი;
  • მობილიზებული არიან ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგანმავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები ხვალიდან, 22 აგვისტოდან შეუერთდებიან.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავის მხრივ ბორჯომის ხეობაში უკვე გააგზავნა ბულდოზერები და  წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით). ამ დროისთვის წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება. ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები". – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.

კომენტარები