კრიმინალი

სუს: მოქალაქეები რადიოაქტიურ ნივთიერებას ინახავდნენ და მისი $1.2 მილიონად გაყიდვა სცადეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და $1.2 მილიონად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს.

განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფი თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს. 

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების ერთი მილიონ 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება". - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობას გულისხმობს და სასჯელის სახედ 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები