საზოგადოებრივი ტრანსპორტი

1 სექტემბრიდან სამგზავრო აბონემენტის საბანკო ბარათებზე მიბმა შესაძლებელი გახდება

1 სექტემბრიდან სამგზავრო აბონემენტის საბანკო ბარათებზე მიბმა შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მერია სერვისისთვის TBC და საქართველოს ბანკებთან შეთანხმდა.

"საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა საბანკო ბარათებზე. ვთქვით, რომ მაისში შესაძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება, თუმცა ბანკებთან მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო. დღეის მდგომარეობით უკვე ყველაფერი შეთანხმებულია როგორც TBC ბანკთან, ასევე საქართველოს ბანკთან და პირველი სექტემბრიდან ამ პროექტის ჩაშვება და განხორციელება შესაძლებელია.

ცალკე სამგზავრო ბარათი არ დასჭირდება მომხმარებელს. თქვენს საბანკო ბარათზე მიბმული იქნება სამგზავრო ვადიანი აბონემენტი, რასაც აირჩევთ, ეს იქნება ერთწლიანი, სამთვიანი და ასე შემდეგ". – თქვა კახა კალაძემ.

2022 წლის პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი (90-წუთიანი) საფასური 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა. ძალაში დარჩა როგორც მეტრომანებით, ისე საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, ფასდაკლებისთვის მოქმედებს აბონემენტები – შესაბამისი სამგზავრო ბარათები მეტროსადგურებში იყიდება. ამასთან, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებს მთლიანად ანაცვლებს ლურჯები, რომლებიც ერთიან სატრანსპორტო, მათ შორის, აბონემენტების სისტემაშია ჩართული.

კომენტარები