დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის შემდეგი პრემიერმინისტრი, სავარაუდოდ, ლიზ თრასი იქნება – გამოკითხვის შედეგები

Carl Court/Getty Images

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი გახდება. თრასი 22%-ით უსწრებს მის კონკურენტს, ფინანსთა ყოფილ მინისტრ რიში სუნაკს. შიდაპარტიული გამოკითხვა Opinium Research-მა ჩაატარა.

პარტიის 450 წევრიდან, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუ ვის მისცემდნენ ხმას, ლიზ თრასს მხარს 61% უჭერს, ხოლო რიში სუნაკს – 39%.

კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და ქვეყნის პრემიერმინისტრის შიდაპარტიული კენჭისყრა 8-დან 12 აგვისტომდე მიმდინარეობდა. გამარჯვებული 5 სექტემბერს გამოვლინდება. კენჭისყრაში მონაწილეობას კონსერვატიული პარტიის 200 000-ზე მეტი წევრი იღებს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლიზ თრასის მხარდაჭერის სამი მთავარი მიზეზი სუნაკის მიმართ ცუდი განწყობა, მისი სანდოობა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ ერთგულება იყო. სუნაკი ერთ-ერთი იყო იმ მინისტრთაგან, რომელთა გადადგომის შედეგადაც ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები