რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, "უბედური შემთხვევები" ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს.
დასავლეთი რუსეთს ბირთვული კატასტროფის რისკის შექმნასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ხოლო მოსკოვი ამტკიცებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე შეტევა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.
"კიეველი ნაძირლები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, ახალი ჩერნობილის მოსაწყობად მზად არიან. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორსა და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს.
ისინი [კიევი და მისი მოკავშირეები] ამტკიცებენ, რომ ეს რუსეთმა გააკეთა, რაც 100%-ით სისულელეა, სულელი როსოფობიური საზოგადოებისთვისაც კი.
რა შემიძლია ვთქვა? არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები. უბედური შემთხვევები იქაც შეიძლება მოხდეს". - წერს მედვედევი Telegram-ზე.