რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პოლონეთი მზადაა, სექტემბრიდან თავის სკოლებში 200-300 ათასი უკრაინელი მოსწავლე მიიღოს

პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ფშემისლავ ჩარნეკის თქმით, პოლონური სკოლები მზად არიან, სექტემბრიდან 200-300 ათასი უკრაინელი მოსწავლე მიიღონ. 

"ჩვენ ამისთვის სისტემატურად ვემზადებით. ძალიან მოქნილი სისტემა გვაქვს, რომელიც თვითმმართველობასთან და პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად შევქმენით". - ამბობს მინისტრი.

ჩარნეკის განცხადებით, შესაძლოა, პრობლემები დიდ ქალაქებში, მაგალითად ვარშავასა და კრაკოვში წარმოიქმნას, როდესაც ბავშვების მიღების მოთხოვნით, 1 სკოლის დირექტორს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. თუმცა, მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ისინი მსურველებს სხვა სკოლებს შესთავაზებენ, სადაც ბავშვების მიღება შესაძლებელი იქნება.

ჩარნეკის თქმით, სამინისტროს მონაცემებით, პოლონეთში დაახლოებით 700-800 ათასი უკრაინელი სკოლის ასაკის ბავშვია. მინისტრი აღნიშნავს, რომ მათგან დაახლოებით 500-600 ათასი თავის უკრაინულ სკოლაში დისტანციურად სწავლობს.

კომენტარები