საქართველო-რუსეთი

მელია ოფიცრის პირად საქმეზე: ფაქტი ცხადყოფს, რომ თავდაცვაში ძლიერი რუსული ქსელია

"ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი". - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტები მათ ხელშია.

"დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სახელმწიფოებრიობას ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით. აბარებს მათ ოკუპანტ რუსებს და ეს ბრალდება აღარ არის. ეს არის ფაქტის კონსტანტანცია [...] ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსებს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში. ჩვენ ვიხილეთ, როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე ოკუპანტის ხელში. ინფორმაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი  დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს თითოეულ ქართველ სამხედროსა და მის ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი. ესაა რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად". – ამბობს ნიკა მელია.

საუბარია, რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ოკუპანტი ყვება, რომ ლისიჩანსკში ერთ-ერთ შენობაში, საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები აღმოაჩინეს.

პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.  

მიხეილ ქამხაძე მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირადი საქმე 2016 წელს შეიქმნა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ჩამონათვალის მიხედვით საკუთარი დოკუმენტები შეაგროვა. მისივე ინფორმაციით, ლოდინის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სამსახურში არ მიიღო, ამიტომ უკრაინაში წავიდა. 

"ეს "პაპკა" მე ფიზიკურად ვერ მექნებოდა. როდესაც მივიტანე კადრებში, დავტოვე იქ. ველოდებოდი, მითხრეს, დაელოდეთ ზარს, დაელოდეთ დანიშვნას და შეგატყობინებთო. გაიწელა ჩემი დანიშვნა და 2017 რომ გახდა, წამოვედი უკრიანაში. 

თანხაა გადახდილი. მე ეჭვი მაქვს, რომ აქედან გავიდა ინფორმაცია იქ, რომ ასეთი პიროვნებაა ჩამოსული, ამზადებს ხალხს და იქიდან მოითხოვეს... ქსელია. ეს არის არქივიდან ამოღებული და გატანილი. ნაკლებად მოიძებდა ვინმე სამოქალაქო საქმეს". - ამბობს ის.  

ტაბულა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები