რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა ხომალდმა პორტები დატოვა

REUTERS/Serhii Smolientsev

შავ ზღვაში უკრაინის პორტები კიდევ ორმა, სიმინდისა და სოიოს გადამზიდმა ხომალდმა დატოვა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის მიერ პორტის დატოვების შემდეგ უკრაინიდან სულ 10-მდე გადამზიდი ხომალდი გავიდა.

ხომალდ Sacura-ს, რომელიც პივდენის პორტიდან გავიდა, 11 000 ტონა იტალიაში გადააქვს, ხოლო Arizona, რომელმაც ჩორნომორსკის პორტი დატოვა, 50 000-მდე ტონა სიმინდს სამხრეთ თურქეთში გადაზიდავს.

პივდენის პორტი მესამე უკრაინული ნავსადგურია, რომელიც 22 აგვისტოს მიღწეულ პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში ჩაერთო. ომამდელ პერიოდში უკრაინა ყოველთვიურად 6 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტს ახდენდა შავი და აზოვის ზღვების პორტების გავლით.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". გუტერეშის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო. 

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები