2008 წლის აგვისტოს ომი

ზურაბიშვილი: ამ ქვეყანაში არავინაა ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს თემები არ მესმის

პრეზიდენტის ადმინსიტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

ასევე, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო. 

ზურაბშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.

დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ.

ისიც მინდა, ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ". - ამბობს ზურაბიშვილი. 

 

კომენტარები