2008 წლის აგვისტოს ომი

კრამონი: 14 წლის წინ რუსეთის აგრესია დაუსჯელი დარჩა, რის ფასსაც დღეს უკრაინაში ვიხდით

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრი ვიოლა ფონ კრამონი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 14 წლის გასვლასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესია არსებითად დაუსჯელი დარჩა, რის შედეგებსაც ახლა უკრაინაში ვიმკით. 

"14 წლის წინ ამ დღეს რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოში. მაშინ რუსეთის აგრესია არსებითად დაუსჯელი დარჩა, რისთვისაც ახლა უკრაინაში ძვირი ფასის გადახდა გვიწევს". - წერს Twitter-ზე კრამონი და რუსეთის აგრესიის დაგმობის შესახებ ევროპარლამენტის განცხადებას ავრცელებს. 

კრამონი, თავის კოლეგებთან ერთად, განცხადების მიხედვით, რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით მიღებული ვალდებულებები და გაიყვანოს მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან. 

"14 წლის წინ, დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ამ ომის შედეგები მთელ ევროპაში დღესაც იგრძნობა. რუსეთის აგრესიამ, რომელიც ძირითადად დაუსჯელი დარჩა, 2014 წელს - ყირიმის ანექსია და 2022 წელს სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და გამომწვევი აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია.

ამ დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ეგრეთ წოდებულ "ბორდერიზაციას", მცოცავ ოკუპაციას, ე.წ. "პასპორტიზაცია",  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსირებას.

ამ კუთხით, ჩვენ მივესალმებით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადგენს რუსეთის ბრალს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო და გაიყვანოს მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან". - ვკითხულობთ განცხადებაში

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა. წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო". - ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში. 

კომენტარები