საქართველო-ევროკავშირი

ევროპარლამენტარები: კრემლს ტერიტორიის 20%-ის გარდა, ქართული პოლიტიკური ნების ოკუპირება სურს

ანდრიუს კუბილიუსი/რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ევროპარლამენტარებმა განცხადებაში საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ქმედითი ნაბიჯებისა და ევროკავშირის 12 პუნქტზე აქტიური მუშაობისკენ მოუწოდეს. 

იუკნევიჩიენემ და კუბილიუსმა ხაზი გაუსვეს დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მნიშვნელობასაც. 

ტაბულა ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადების თარგმანს უცვლელად და სრულად გთავაზობთ:

“14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსი სამხედროები საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოში შეიჭრნენ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. 

ეს პუტინის რუსეთის მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს არაპროვოცირებული ომის პირველი შემთხვევა იყო. სამწუხაროდ, ამ ფაქტზე მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას საკმარისად მკაცრი რეაქცია არ ჰქონდა. შესაბამისად, პუტინის რუსეთმა საკუთარი პოლიტიკა გააგრძელა და 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, 8 წლის შემდეგ კი, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. 

ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც. 

წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დახმარებისკენ უნდა მიმართოს, განსაკუთრებით შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად. 

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, თუმცა კრემლს მისი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია სურს, რათა საქართველო ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას აღარ ესწრაფვოდეს. 

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ქართული ოცნების ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას ჰგავს და რომელიც საქართველოს შესაძლებლობას, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, ზიანს აყენებს. 

კრემლის მიერ წარმართული ჰიბრიდული ომიდან გამოსავალი საქართველოსთვის ერთადერთი უნდა იყოს - შეასრულოს ევროკავშირის 12 პუნქტი, დაწყებული დეპოლარიზაციითა და დასრულებული დეოლიგარქიზაციით. 

ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიულ რეჟიმებზე საკმაოდ ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის განცხადებებში ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს მხოლოდ დამატებით ამტკიცებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქია, რადგან საქართველოს პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების სხვა ლიდერები მას ასეთი მონდომებით იცავენ.

ევროპარლამენტი ქართული ოცნების ლიდერებისგან ევროკავშირის პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს ელის და არა ბავშვურ განცხადებებს, რომლებშიც დეპუტატები აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს, ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებას, გაერთიანდნენ 12 პუნქტის სწრაფად შესრულებისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია, გახდეს წინამორბედი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”. - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები