რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

REUTERS: აშშ უკრაინისთვის დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

განახლდა:
NASAMS

Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1 მილიარდის ღირებულების სამხედრო იარაღს გამოყოფს. წყაროს ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტში მძიმე იარაღი შედის.

წყაროს ინფორმაციით, დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თეთრი სახლი 8 აგვისტოს გაავრცელებს. ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დამატებით $1 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტზე ჯერ ხელი არ მოუწერია და ხელმოწერამდე პაკეტის ღირებულება და მასში შემავალი იარაღის ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს. 

ამჟამინდელი მონაცემებით, პაკეტში მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა (HIMARS) და მოწინავე მიწა-ჰაერის ეროვნული სარაკეტო სისტემა (NASAMS) ერთიანდება.

გასულ კვირას, პენტაგონმა უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი, $550 მილიონის ღირებულების პაკეტი გამოჰყო, რომელიც ასევე მოიცავდა HIMARS-ის სისტემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის აშშ-მ უკრაინაში 16 HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გაგზავნა.

Reuters-ის ცნობით, ახალი პაკეტი პრეზიდენტის ხაზინიდან დაფინანსდება, რომლის ფარგლებშიც ჯო ბაიდენი საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ, კონგრესის თანხმობის გარეშე შეძლებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. 

კომენტარები