რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის შეზღუდვის გეგმა წარადგინა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკკა ჰაავისტომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემის შეზღუდვის გეგმა წარადგინა.

მას შემდეგ, რაც სანქციების გამო რუსეთიდან ევროკავშირში ფრენები შეჩერდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ჩასასვლელად ფინეთი გახდა ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყანა.

"ბევრმა ეს აღიქვა, როგორც სანქციებისგან თავის არიდების ჭკვიანური მეთოდი". – თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკკა ჰაავისტომ.

ჰაავისტოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის რეჟიმი და ფინური კანონმდებლობა არ იძლევა უფლებას, ვიზებზე შეზღუდვა ეროვნების საფუძველზე დაწესდეს, ფინეთს შეუძლია ვიზების რაოდენობა მისი კატეგორიის მიხედვით შეამციროს და შეზღუდვა დაწესდეს კონკრეტულად ტურისტული ვიზების გაცემაზე. 

"ტურიზმის კატეგორია შესაძლოა შეიზღუდოს იმ მხრივ, თუ რამდენი ვიზა შეიძლება გაიცეს დღიურად". – თქვა ჰაავისტომ.

შესაბამისად, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიზების გაცემისას უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ოჯახის წევრები და სტუდენტები, ხოლო ტურისტული ვიზები შეიზღუდება.

ჰაავისტოს აზრით, საბოლოო გადაწყვეტილება თვის ბოლოს დამტკიცდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ის ამ საკითხს 30 აგვისტოს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე დააყენებს, რათა მსგავსი ზომები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იქნეს მიღებული.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ერთმა ქვეყანამ შეზღუდოს ვიზების რაოდენობა, ხოლო მეორემ კი გაზარდოს". – თქვა ჰაავისტომ.

კომენტარები