რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 5 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

"რაშისტებმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს მიკროავტობუსს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდათ". - ნათქვამია განცხადებაში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები