აშშ-საქართველო

ბოკერია შეხვედრაზე: დეგნანმა ბოდვას უპასუხა, როგორც მოსალოდნელი იყო, სხვას ვერაფერს იტყოდა

ევროპული საქართველო

"როგორც მოსალოდნელი იყო, ისე უპასუხა ამ ბოდვას ამერიკის ელჩმა, სხვას ამაზე ვერაფერს იტყოდა". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. 

ბოკერიას სიტყვებით, პრობლემა და განსახილველი არ არის ის, თუ როდის და როგორი კომენტარის გაკეთება ჩათვალა საჭიროდ კელი დეგნანმა "ამ ბოდვასა და უნიჭო სპექტაკლზე" საპასუხოდ. 

"ჩვენთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილის კლოუნების მხრიდან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო უნიჭო სპექტაკლი და ბოდვა გრძელდება". - თქვა ბოკერიამ.    

კელი დეგნანმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს 21 მარტს შეხვდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, "არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან "შანტაჟზე" ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას". 

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ". - თქვა მან.  

ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე საუბარი თავდაპირველად ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა დაიწყო - მისი სიტყვებით, "იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი". 27 ივლისს წერილი გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა, რომელშიც ადასტურებს, რომ დეგნანს მისივე თხოვნით შეხვდა და შეხვედრა, დაახლოებით, 3 საათს გაგრძელდა. 

კომენტარები