სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები ჩემი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი FACEBOOK-ზე მორიგ მიმართვას ავრცელებს. გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ პროვოკციები იგეგმება და მათ დაცვას ითხოვს. 

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, არასამთავროებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს - დაიცვან ფიზიკირად ჩემი უდანაშაულო ოჯახი!".- წერს გოგაშვილი. 

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა - ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა".

TI-ისა და ISFED-ის მიერ 21 ივლისს გავრცელებული მასალების მიხედვით, რომელიც მათ სოსო გოგაშვილმა გადასცა, არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

26 ივლისს სოსო გოგაშვილმა მორიგი მიმართვა გაავრცელა.  წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა.

წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა".

ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები