ქართული ოცნება

ქარტია კობახიძეზე: ვგმობთ აგრესიას, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეხმაურება, რომლითაც მან მთავარი არხის ჟურნალისტს მიმართა. ქარტია გმობს ჟურნალისტს ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ  პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან ჟურნალისტისადმი ამგვარი დამოკიდებულება და მსგავსი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება "სრულიად მიუღებელია". 

"ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

გუშინ, 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუთაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა: 

"სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც, შენს ბელადს დაემგავსე ყველაფრით, სირცხვილია, სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე". - მიმართა მან ჟურნალისტს. 

კომენტარები