რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: გერმანიისგან 3 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ტანკი უკვე მივიღეთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, პირველი 3 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ტანკი გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ რეზნიკოვმა პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

"ჯერჯერობით, გერმანიასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პირველი 3 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ტანკი ჩამოვიდა. ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, რომლებისთვისაც გადმოგვეცა ათობით ათასი საბრძოლო მასალა. ამასთან, კიდევ ველოდებით დამატებით 15 გეპარდს. დღეს შემოსული 3 გეპარდი კი უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია". - თქვა რეზნიკოვმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა გერმანიისგან ლეოპარდის ტიპის ტანკებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაბამისი მოლოდინი არსებობს. მისი თქმით, თავდაპირველად, უკრაინა რამდენიმე ათეულ ტანკს ელოდება.

"იმედი მაქვს, რომ კი. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოკავშირე ქვეყნისგან, რომელშიც განლაგებულია ლეოპარდის ტანკები და რომელიც მზად არის გადმოგვცეს ისინი. საუბარია ევროპულ ქვეყნებზე. თავდაპირველად, გეგმის მიხედვით, რამდენიმე ათეულ ტანკს მივიღებთ, რომლებზეც ჩვენ ეკიპაჟს სწავლებებს, ბალტიის ქვეყნებში ჩავუტარებთ". - აღნიშნა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან არსებობს შეთანხმება უკრაინელი მებრძოლების მიერ საწვრთნელი პოლიგონების გამოყენების შესახებ და ეკიპაჟების გადამზადების შემდეგ, თანამედროვე ტანკების მიღებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. მინისტრის თქმით, საუბარია არამხოლოდ ლეოპარდის ტიპის ტანკებზე, არამედ Abrams-ის ტანკებზე და ა.შ.

კომენტარები