რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სამხედრო სარდლობა დილემის წინაშეა

RIA

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში როგორც დონბასის, ისე ხერსონის მიმართულებებით უშედეგო ბრძოლები გრძელდება.

"რუსეთის სამხედრო ძალების სარდლობა ისევ დილემის წინაშეა - უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთით, თუ თავდაცვა გააძლიეროს დასავლეთით". - წერია ანგარიშში.

დაზვერვის ინფორმაციით, 18 ივლისს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაზვერვამ აღმოაჩინა საბრძოლო ტექნიკის სარემონტო ბაზა, სადაც განთავსებული იყო სულ მცირე 300 დაზიანებული ტანკი, ჯავშანმანქანა და სატვირთო ავტომანქანა. ანგარიშის მიხედვით, უკვე დოკუმენტურად დადასტურებულ საკადრო პრობლემებთან ერთად, რუსეთს დაზიანებული საბრძოლო ტექნიკის შესაკეთებლად ბრძოლა უწევს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები