საქართველო-ევროკავშირი

"შესაძლოა, ეს სასაუბროც აღვუკვეთოთ" – ენმ ოცნების სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე მსჯელობს

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის სიტყვებით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად პარლამენტში ქართული ოცნების მიერ შექმნილ ჯგუფებში ჩართვის საკითხზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს. ბეჟაშვილის თქმით, მსჯელობა ევროპარლამენტარების თხოვნის შემდეგ დაიწყო.

მისივე სიტყვებით, ევროპარლამენტარებისთვის სამუშაო ჯგუფებში არჩართვაზე მათი არგუმენტები გასაზიარებელია, რადგან მათთვის "ქართული ოცნების თანამედროვე სახე უკვე ცნობილია", თუმცა, ბეჟაშვილი ასევე ამბობს, რომ ევროპარლამენტარების თხოვნა იყო, ოპოზიციას ნებისმიერი საშუალება გამოეყენებინა, რათა ქართული ოცნებისთვის პროცესის ჩიხში შეყვანის საშუალება არ მიეცა. 

"მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, მათი [ევროპარლამენტარების] თხოვნა იყო, ნებისმიერი საშუალება გამოგვეყენებინა ოპოზიციას იმისათვის, რომ არ მიგვეცა საშუალება ქართული ოცნებისათვის, რომ ეს პროცესი რამენაირად ჩიხში შეეყვანა და ოპოზიციისკენ გაეშვირა ხელი. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენთვის მათი ეს გზავნილი მნიშვნელოვანია, ეს განმსაზღვრელიც არის. ჩვენ პარტიაში დავიწყეთ ამაზე მსჯელობა და საუბარი, რომ შესაძლოა ეს ბოლო სასაუბროც კი აღვუკვეთოთ ქართულ ოცნებას და, მათ შორის, სამუშაო ჯგუფებშიც მივიღოთ მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან - ვენეციის კომისიასა და სტრასბურგის შესაბამის ინსტიტუციებთან, რომ ამ პროცესში ჩვენ სტატისტიკური მონაწილეები კი არ ვიყოთ, კონკრეტული კანონპროექტები შევთავაზოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას 12-პუნქტიანი გეგმის ინტერპრეტაციის საშუელება, რის საშიშროებასაც ვხედავთ". - ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.  

ბეჟაშვილის სიტყვებითვე, მმართველ პარტიასთან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის "მწარე გამოცდილება" აქვთ. 

"ჩვენ შევთავაზეთ აბსოლუტურად ღია ფორმატები - ეს არის კომიტეტის სხდომები, ეს არის პლენარული სხდომები, რომლებიც გადაიცემა ონლაინ რეჟიმში, ჟურნალისტები ესწრებიან. სამუშაო ჯგუფების გაუგონარი ფორმატები, სადაც არც ვიცით, ვინ იქნება მოწვეული, რა იურიდიული ძალა ექნება იქ მიღებულ გადაწყვეტილებას, რა პროექტები დაიდება, რა საოქმო ჩანაწერით გაფორმდება ეს გადაწყვეტილებ, წარმოდგენა არავის არ აქვს. 

ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს ქართულ ოცნებასთან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის, მაშინ, როდესაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით 8 თვეა, შექმნილი არის სამუშაო ჯგუფი და ამ 8 თვის განმავლობაში 3 სხდომა იყო ჩატარებული". - ამბობს ის.  

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

როგორ აპირებს ოცნება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პირობის შესრულებას – გეგმა

კომენტარები