რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაღუპულთა შორის 13 წლის ბიჭია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 წლის ბიჭი. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

"სამწუხაროდ, რუსების დაბომბვის შედეგად, ქალი, მამაკაცი და 13 წლის ბიჭი დაიღუპნენ. 72 წლის ქალი კი დაშავდა. ხარკოვის მოსახლეობას მოვუწოდებ, თუ აუცილებელი არაა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავეთ". - წერს სინეგუბოვი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები