Reuters: გაზპრომი ევროპის, მინიმუმ, ერთ ქვეყანაში გაზის მიწოდებაზე ფორს-მაჟორს აცხადებს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსული ბუნებრივი აირის უმსხვილესმა კომპანია გაზპრომმა ევროპის ერთ მთავარ კლიენტ ქვეყანაში მაინც გაზის მიწოდებაზე ფორს-მაჟორი გამოაცხადა. მედია გაზპრომის 14 ივლისით დათარიღებულ წერილს ეყრდნობა. დასახელებული არაა ქვეყანა, რომელზეც შესაძლოა იყოს საუბარი. 

Reuters-ის ცნობით, წერილში ეწერა, რომ გაზპრომს არ შეუძლია შეასრულას ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულება, "ექსტრაორდინალური" გარემოებების გამო, რომელიც კომპანიის კონტროლს გარეთაა.

Reuters-ის მიხედვით, წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ ფორს-მაჟორი, ზომა, რომელიც მიიღება მაშინ, როცა ბიზნესზე მოქმედებს რაიმე ისეთი, რაც მის კონტროლს ქვეშ არაა, ძალაშია ბუნებრივი აირის მიწოდებებზე 14 ივნისიდან. 

Reuters-ის წყაროს ცნობით, წერილი ეხება მილსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის მიწოდების ხაზს. ეს გაზსადენი გერმანიის მთავარი გაზმომმარაგებელია.

ამჟამად რუსეთს ევროპისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდება დროებით შეწყვეტილი აქვს. მიზეზად გეგმიური სამუშაოები სახელდება, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება და 10-12 დღის განმავლობაში გრძელდება. მიწოდება 11 ივლისს შეწყდა და გეგმის მიხედვით 21-ში უნდა აღდგეს, თუმცა არსებობს შიში, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის დენას არ განაახლებს.

ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის, ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გზავნის. ამ გაზსადენზე ევროკავშირის მრავალი ქვეყანაა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაზე გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 1 გაითიშა, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით იღებენ. იქმნება საფრთხე, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის გაზის მარაგს ვერ შეავსებენ.

ევროკავშირს, რომელსაც რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული, სურს, რომ 2027 წლისთვის რუსული წიაღისეული საწვავის გამოყენება შეწყვიტოს.

კომენტარები