ევროკავშირი

შოლცი: ევროკავშირს აღარ აქვს უფლება შეინარჩუნოს ეროვნული ვეტო გადაწყვეტილებების მიღებისას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Sean Gallup/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, თუ ევროკავშირს გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი როლი სურს, მას აღარ აქვს უფლება შეინარჩუნოს ეროვნული ვეტო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ამის შესახებ შოლცმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ისაუბრა.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, მოსკოვის ომი უკრაინაში ევროპაში ერთიანობის საკითხს კიდევ უფრო აქტუალურად აქცევს და ზრდის ზეწოლას ცალკეული წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპული გადაწყვეტილებების "ეგოისტური ბლოკადების" შეწყვეტისთვის.

"უბრალოდ აღარ გვაქვს ეროვნული ვეტოების [პოლიტიკის] საშუალება, მაგალითად საგარეო პოლიტიკაში, თუ გვსურს, რომ ჩვენი ხმა კვლავ მნიშვნელოვანი იყოს იმ მსოფლიოში, სადაც დიდი ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან". - თქვა შოლცმა.

გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის წევრებსა და სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ მსოფლიო სასურსათო კრიზისის, კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის შედეგად გაჩენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუ გერმანია აიღებს პასუხისმგებლობას ევროპასა და მსოფლიოზე.

შოლცის თქმით, გერმანია უახლოეს თვეებში წარადგენს შესაბამის წინადადებებს ევროპული მიგრაციის ერთობლივი პოლიტიკის, ევროპის თავდაცვის, ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გამძლეობის შესახებ.

კომენტარები