რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: ომის დაწყებიდან, ჩინეთმა რუსეთში იარაღის დამზადებისთვის საჭირო საქონლის ექსპორტი გაზარდა

სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთიდან რუსეთში მიკროჩიპებისა და ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტი გაიზარდა. ხოლო, ჩინეთის ეს ნაბიჯი აშშ-სა და დასავლელი მოკავშირეების რუსეთის ეკონომიკის იზოლირებისა და სამხედრო მანქანის დასუსტების მცდელობებს ართულებს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, 2022 წლის პირველ 5 თვეში, ჩინეთიდან რუსეთში მიკროჩიპების ექსპორტი გაორმაგდა და დაახლოებით $50 მილიონს მიაღწია. ასევე, ალუმინის ოქსიდის საექსპორტო მოცულობა, რომელიც ალუმინის დასამზადებლად, ხოლო შემდეგ იარაღის წამოებისთვის გამოიყენება, წინა წელთან შედარებით, 400-ჯერ მეტია. 

საექსპორტი ღირებულების ზრდა ნაწილობრივ ინფლაციითაც აიხსნება. თუმცა, The Wall Street Journal-ი მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს გაფრთხილებების მიუხედავად, ჩინელი ბიზნესმენები რუსეთთან ახლო სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებენ.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა გასულ თვეში 5 ჩინურ ტექნიკის კომპანიასთან სავაჭრო ურთიერთობა აკრძალა. დეპარტამენტის ცნობით, ეს კომპანიები რუსეთს როგორც უკრაინაში შეჭრამდე, ასევე შეჭრის შემდეგ ტექნიკით ეხმარებოდნენ. 

"ჩვენმა მთავრობამ 24 თებერვლიდან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩინეთმა ამ ომში რუსეთს მატერიალური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება არ უნდა გაუწიოს". - თქვა ჩინეთში აშშ-ს ელჩმა, ნიკოლას ბერნსმა. 

ჩინელი მაღალჩინოსნების თქმით, ქვეყანა რუსულ კომპანიებს იარაღს არ მიჰყიდის. ასევე, ისინი ამბობენ, რომ ჩინეთიდან რუსეთში მთლიანი ექსპორტის მოცულობა შემცირდა, რადგან ბევრ ჩინურ კომპანიას აშშ-სთვის წინააღმდეგობის გაწევის ეშინია.

ბერლინის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა რუსეთის სანქციების მიმართულებით, მარია შაგინამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ და მოკავშირეებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეჩერება ვერ მოახერხეს, მნიშვნელოვანია, რომ მათი საერთო მოქმედებით ჩინეთმა დროულად შეწყვიტოს რუსეთის სისტემატური დახმარება. 

კომენტარები