ანასტასია შატალოვას მკვლელობა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე – მსჯავრდებულებს 20, 17 და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მთავარი არხი

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ლატარია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის არსებულ 3-წლიან პირობით მსჯავრსაც - მას თავისუფლება 20 წლით აღეკვეთება.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ლევან რაჯავას, მას პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

27 წლის ანასტასია შატალოვა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, თბილისში, კამანის ქუჩაზე 18 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიების ცნობით, ბექა ლატარია და ბიძინა ხასია ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით მივიდნენ.

"ლატარია კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ ბიძინა ხასიასთან ერთად მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ანასტასია შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობითვე, იმავე დღეს ბიძინა ხასია, რომელიც ლევან რაჯავას ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს დაესხა თავს, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. 

"მას შემდეგ, რაც ლევან რაჯავამ პოლიციის თანამშრომლებს ბიძინა ხასიას დაკავებაში ხელი შეუშალა, აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლებისკენ ისროლა, რაც არ აფეთქდა და ავტოფარეხის თავზე დაეცა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ანასტასია შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავდა. მკვლელობასთან დაკავშირებით, ბერიძეც დაკითხეს - პოლიცია მის სახლთან იმყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ 6 თვეა შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია. პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, მასთან დაკავშირებით "გამოყოფილია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, ყველა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული".

კომენტარები