ანასტასია შატალოვას მკვლელობა

ანასტასია შატალოვას მამა: ეს შეკვეთილი მკვლელობაა, არსებობს დამნაშავეთა ჯაჭვი

"ეს შეკვეთილი მკვლელობაა". – ამბობს თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მამა, სერგეი შატალოვი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

სერგეი შატალოვის ინფორმაციით, მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკაშვირებით, არსებობს დამნაშავეთა ჯაჭვი, რომლის შესახებ გამოძიება არის ინფორმირებული, – "სავარაუდოდ, გამოძიება უფრო მეტ დეტალს დაადგენს, არის დამნაშავეთა ჯაჭვი, რომლის შესახებაც გამოძიება ინფორმირებულია, მაგრამ, იმისთვის, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, საჭიროა მტკიცებულებები, რომელიც გროვდება.

ქართველმა გამომძიებლებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიეს ეს საქმე და დააკავეს დამნაშავეები, მინდა ყველა პოლიციელს და გამომძიებელს ამისთვის მადლობა ვუთხრა. გამოძიება პროფესიონალურად მიდის. მინდა დამკვეთს მივმართო, მას აუცილებლად დააკავებენ. მე არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არაფერი იმალება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება". – ამბობს მოკლული ანასტასია შატალოვას მამა რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

27 წლის ანასტასია შატალოვა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, თბილისში, კამანის ქუჩაზე 17 ოქტომბერს მოკლეს.

ანასტასია შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავდა. მკვლელობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბერიძეც დაკითხეს - პოლიცია მის სახლთან იმყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ 6 თვეა შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია

შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

კომენტარები