ანასტასია შატალოვას მკვლელობა

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა

მთავარი არხი

საქართველოს პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ. და ბ.ხ. ავტომანქანით ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბ.ლ. კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ბ.ხ.-სთან ერთად მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ანასტასია შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, იმავე დღეს ბ.ხ., რომელიც ლ.რ.-ს ბინაში იმალებოდა, ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს დაესხა თავს, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. მას შემდეგ რაც ლ.რ.-მ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ.-ს დაკავებაში ხელი შეუშალა, აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლებისკენ ისროლა, რაც არ აფეთქდა და ავტოფარეხის თავზე დაეცა.

პროკურატურის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სამართალდამცველებმა ბ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით [3,85 გრ] ჰეროინი ამოიღეს.

"გამოძიების პროცესში დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) წარედგინა.

ხოლო ბ.ხ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა".

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

"რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ლ.რ-ს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) აქვს წარდგენილი".

27 წლის ანასტასია შატალოვა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, თბილისში, კამანის ქუჩაზე 18 ოქტომბერს მოკლეს.

ანასტასია შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავდა. მკვლელობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბერიძეც დაკითხეს - პოლიცია მის სახლთან იმყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ 6 თვეა შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია

შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

კომენტარები