უნგრეთი

უნგრეთში გადასახადების ზრდას ათასობით ადამიანი აპროტესტებს

აქცია უნგრეთში

უნგრეთში ათასობით ადამიანი უკვე მეორე დღეა გადასახადების დაგეგმილ ზრდას აპროტესტებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა მცირე ბიზნესისთვის გადასახადების მკვეთრად გაზრდას გეგმავს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზოლტ ტურის თქმით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მისი შემოსავალი შემცირდება. 

"გადავალ შავ ბაზარზე, რომ მქონეს მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის თანხა, ან ავიღებ ბარგს და უახლოეს ნორმალურ ქვეყანაში წავალ". - ამბობს ზოლტ ტური.

2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ორბანი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას. უნგრეთში ინფლაცია 20 წლიან მაქსიმუმზეა, ფორინტი რეკორდულად უფასურდება და დემოკრატიული სტანდარტების შესახებ დავის ფონზე ევროკავშირის სახსრების გამოყოფის პერსპექტივა ბუნდოვანია.

ამასთან ერთად, უნგრეთში რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

უნგრეთის პრემიერმინისტრის შტაბის უფროსმა, გერგელი გულიასმა ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის შვიდპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა და კაბინეტის სხდომის შემდეგ ჩამოთვალა ზომები.

”ევროპაში ყველგან ძალიან რთული სიტუაციაა ომისა და საპასუხოდ მიღებული სანქციების გამო". - თქვა მან და აღნიშნა, რომ ახალი გეგმა ძალაში აგვისტოში შევა. 

მისივე თქმით, მთავრობა გაზრდის ბუნებრივი გაზის შიდა მოპოვებას 1.5-დან 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე. გარდა ამისა, მთავრობა ხელახლა გახსნის ელექტროსადგურს მატრაზე და გაახანგრძლივებს პაკსის ატომური ელექტროსადგურის მუშაობას ბუდაპეშტის მახლობლად.

ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ საშუალოზე მეტ ენერგიას, საფასურის გადახდა საბაზრო ფასით მოუწევთ და არა სუბსიდირებული სახელმწიფო განაკვეთებით. პრემიერმინისტრის შტაბის უფროსის თქმით, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს მოსახლეობის მეოთხედზე.

ამჟამად უნგრეთს ნავთობის 65%-ს და გაზის 80%-ს რუსეთიდან შემოაქვს.

კომენტარები