საქართველო-ევროკავშირი

ჰარცელი: საქართველოს წინსვლის ტემპი ხელისუფლების ხელშია, EU-ს წევრობა ერთ ღამეში არ ხდება

EU Delegation Georgia

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ტემპი, რომლითაც საქართველო ევროკომისიის მიერ შედგენილი პუნქტების საკითხებზე წინსვლას შეძლებს, საქართველოს მთავრობის ხელშია და, მისივე სიტყვებით, ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. 

"ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია.                   

ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი”. - ამბობს ჰარცელი.

მისივე სიტყვებით, ევროკავშირში გაწევრიანება “ერთ ღამეში არ ხდება” და ტემპი რეფორმების პროცესში წინსვლაზეა დამოკიდებული. 

"ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით.

გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე”. - ამბობს ის.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პუნქტი უნდა შეასრულოს, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა. 

კომენტარები