გლდანის ციხე

სასამართლომ ვეგანი პატიმრის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა, ის კომპენსაციას მიიღებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვეგანი პატიმრის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. 

მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინსიტროსა და პენიტენციურ სამსახურს, მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

"2019 წელს მოსარჩელე მოათავსეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან ადმინისტრაციას  აცნობა, რომ იგი არის ვეგანი (ამდენად, იკვებება მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით) და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა. თუმცა, სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, დაწესებულებაში ვეგანებისთვის არ არსებობდა მათ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეგანი პატიმარი იძულებული იყო, ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვებიდან აერჩია მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რაც თავსებადი იყო მის მსოფლმხედველობასთან, რის შედეგადაც იგი ვერ იღებდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საკმარის კომპონენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს). ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დავობდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იგი იყო მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი.

აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი. ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობისნიშნით დაადგინა დისკრიმინაცია. მოპასუხეებს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლიათ".- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები