ევროკავშირი-საქართველო

ლექსმანი: საქართველოში ბევრ ნეგატიურ ტენდენციას ვხედავთ, ერთ-ერთი ოლიგარქის გავლენაა

საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა და ამჟამად ჩვენ ვხედავთ ბევრ ნეგატიურ ტენდენციას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ერთ დროს მოწინავე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მიმაჩნია, რომ ეს მიზეზები ანგარიშში მკაფიოდ უნდა გამოვყოთ, რადგან ეს ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია. გამოვყოფ რამდენიმე პრობლემას, რომელსაც, ჩემი აზრით, უნდა შევეხოთ:

ეს არის საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც ძალიან ყოფს. ამასთან ერთად, მმართველი პარტია 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იგნორირებას განაგრძობს. დიალოგი ამ დრომდე შეჩერებულია.

ერთი ოლიგარქი ინარჩუნებს გადამეტებულ გავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ამასთან ერთად, სასამართლო რეფორმები ასევე შეჩერებულია. ჩვენ ვნახეთ მედიის თანამშრომლებზე თავდასხმები და ასევე, ვხედავთ დე ფაქტო პატიმრებს, მაგალითად, მესამე პრეზიდენტს, ასევე, ოპოზიციური მედიის დირექტორს. აღნიშნული ტენდენციები აუცილებლად უნდა გამოვყოთ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და მათ მხარეს უნდა ვიყოთ.

ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას. აქედან გამომდინარე, ველოდები ჩვენს თანამშრომლობას ამ ანგარიშზე, რომელიც უნდა იყოს მკაფიო, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.

ამბობს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის, ქრისტიან-დემოკრატების წევრი მირიამ ლექსმანი ევროპარლამენტში.

კომენტარები