რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.

"ოკუპანტები თავდასხმას სლოვიანსკისა და კრამატორსკის გასწვრივ განაგრძობენ და, სავარაუდოდ, ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის გადაჯგუფებას აპირებენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალებს შორის პერსონალის დეფიციტის გამო, შესაძლოა, რუსეთმა რეკრუტირების არატრადიციულ გზას მიმართოს და ვაგნერის ჯგუფების გასაძლიერებლად პატიმრების გაწვევა დაიწყოს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები