რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – 6 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 31 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა.

"რუსი ოკუპანტების მასიური სარაკეტო იერიშების შედეგად, ხარკოვში აგრეთვე დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, სახლები და მანქანები. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია რაკეტის ფრაგმენტები, რომელიც ურაგანის მრავალგამშვები სარაკეტო სისტემიდანაა". - ამბობს ხარკოვში ეროვნული პოლიციის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, სერჰი ბოლვინოვი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები