გლობალური მშვიდობის ინდექსის (Global Peace Index) 2022 წლის რეიტინგში საქართველომ 9 ადგილი დაკარგა და ამჟამად გაბონსა და ბანგლადეშს შორის, 95 ადგილს იკავებს.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რეიტინგში საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსით მე-6 ადგილზეა. პირველ ადგილზეა მოლდოვა, მეორეზე სომხეთი, ხოლო მესამეზე უზბეკეთი. რეგიონში მხოლოდ 4-მა ქვეყანამ – სომხეთმა, უზბეკეთმა, ტაჯიკეთმა და თურქმენეთმა გააუმჯობესა პოზიცია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივლისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ გლობალური მშვიდობის წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო მისი თქმით, ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა.
"ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის მეორე ადგილზე დასახელება, მართლაც არის აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე 10 წელია ეწევა ჩვენი ხალხის დასაცავად". – თქვა ღარიბაშვილმა.





