კორონავირუსი საქართველოში

1-წუთიანი კონტაქტი საკმარისია – ახალი შტამის გავრცელება და IV დოზა მოსახლეობის ნაწილისთვის

კორონავირუსი საქართველოში

1-წუთიანი კონტაქტი საკმარისია – ახალი შტამის გავრცელება და IV დოზა მოსახლეობის ნაწილისთვის

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ბოლო ორ კვირაში კი, გაოთხმაგდა. კიდევ უფრო შესამჩნევია დადებითობის მაჩვენებელის ზრდა - თუ 13-19 ივნისის პერიოდში ჩატარებული ტესტებიდან მხოლოდ 0.78% იყო კორონავირუსზე დადებითი, ორ კვირაში, 27 ივნისი-3 ივლისის მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 4.05%-ია. 

ქვეყანაში ძირითადად ომიკრონის შტამი ცირკულირებს და აქედან უდიდესი ნაწილი BA4 და BA5 ქვეშტამებზე მოდის - მათ თითქმის სრულად ჩაანაცვლეს BA1 და BA2 ვარიანტები.

ახალ ქვეშტამების მახასიათებელია უფრო იოლი გადამდებლობა და შესაბამისად, გავრცელება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, თუ აქამდე დაახლოებით 15-წუთიანი კონტაქტი იყო საჭირო იმისთვის, რომ ინფიცირებულს ჯანმრთელი ადამიანისთვის კორონავირუსი გადაედო, ახლა “ეს კონტაქტი შეიძლება იყოს 1 წუთის განმავლობაში”.

წინასწარი მონაცემებით, ომიკრონის ახალი ვარიანტები უფრო აგრესიული არ არის და დაავადება სხვა შტამებთან შედარებით უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს. NCDC-ს დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაზე მძიმე ინდიკატორი - გარდაცვალება - არ გაზრდილა და ჯერჯერობით, კვირის განმავლობაში 0-3 ადამიანია. 

თუმცა, შემთხვევების რაოდენობის ზრდამ ჰოსპიტალიზაციის მატება უკვე გამოიწვია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მიმართვიანობა ბოლო ერთი კვირაა, რაც გაიზარდა. მისი ცნობით, განსაკუთრებულად მაღალი მიმართვიანობა ორსულების და 60 წელს გადაცილებული ადამიანების კატეგორიებშია. მიმართვიანობის ძირითადი მიზეზებია ცხელება, ფაღარათი, წონასწორობის დარღვევა, საერთო სისუსტე.

"გამოხატულია კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და დაავადებები, მათ შორის, პნევმონია, მაგრამ განსხვავებით წინა შტამისგან, ეს შტამი ნეიროტოქსიკური თვისებით გამოირჩევა. კოვიდინფიცირებულებს ახასიათებთ მსუბუქი ენცეპალოპატია, რაც წინა პერიოდში არ იყო გამოვლენილი“, - ამბობს რატიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის, ვირუსის იოლი გავრცელების და სრულად მოხსნილი შეზღუდვების ფონზე ეპიდემიოლოგები კვლავ ვაქცინაციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ამ ეტაპზე საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 44.9% (1 271 642 ადამიანი), ხოლო ბუსტერ დოზა მხოლოდ 255 928 ადამიანმა მიიღო. 

"ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ფრაზას - უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ამის ერთერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ ვაქცინის დამატებითი, გამაძლიერებელი დოზის გამოყენება. ახლა არის იდეალური პერიოდი ვაქცინის გასაკეთებლად - შვებულებების, დასვენებების პერიოდის წინ, ვინაიდან ეს ავტომატურად ნიშნავს უფრო მეტ კონტაქტს, უფრო მეტ მობილობას, მეტ კომუნიკაციას, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში - ივანე ჩხაიძე".

ჯანდაცვის მინისტრის ბოლო ბრძანებით, უკვე ერთი კვირაა, მოსახლეობის ნაწილისთვის ვაქცინის მეოთხე დოზა გახდა ხელმისაწვდომი. კერძოდ, მეორე ბუსტერ-დოზის გაკეთება შეუძლია სამედიცინო პერსონალს, 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, ასევე, იმუნოკომპრომეტირებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. აუცილებელია, მესამე აცრის შემდეგ მინიმუმ ოთხი თვე იყოს გასული.

მასობრივად მეორე ბუსტერი ამ დროისთვის დაშვებული არ არის. გამონაკლისი მხოლოდ ის კატეგორიაა, რომელიც თავდაპირველად ჩინური ვაქცინის ორი დოზით აიცრა და საზღვარგარეთ წასასვლელად ევროპის აღიარებული ვაქცინით იმუნიზაცია სჭირდება. ამ შემთხვევაში, მსურველმა ბილეთი, ჯავშანი ან მოგზაურობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს ამცრელ დაწესებულებას, ეს სიახლე არ არის და ჩინური ვაქცინით აცრილ პირებს სამოგზაურო მიზნით დამატებით ორი ფაიზერის გაკეთება 2021 წლის ოქტომბრიდან შეუძლიათ. 

"მეორე ბუსტერი არ ეხება მოსახლეობის ყველა ფენას. 50 წლამდე ეხება მხოლოდ შეზღუდულ ჯგუფებს".

“ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკობრივი ჯგუფი კორონავირუსის ავადობის რისკების -  ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების თვალსაზრისით 50 წელს გადაცილებული მოსახლეობაა, ამიტომ, სწორედ ამ ჯგუფისთვის არის მოწოდებული პირველ რიგში მეორე ბუსტერ დოზა. ამის უკან დგას რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, ვაქცინის წინა დოზის გაკეთებიდან ოთხი თვის შემდეგ ვაქცინის დამცველობითი ძალა მცირდება, სხვადასხვა კვლევით 20-დან 30%-მდე. ამიტომ მოსახლეობის ამ კატეგორიისთვის დამატებითი ბუსტერი არის შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რაც უკავშირდება 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ინიფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკს. სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული მხოლოდ ეს ასაკობრივი ჯგუფი - 50 წელი და უფროსი ასაკის მოსახლეობა” - ამბობს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სხვა ასაკობრივ ჯგუფებს, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ 50 წლამდე მოსახლეობას მეოთხე დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკუთვნის, თუ აქვს გარკვეული დაავადება, რომელიც განაპირობებს მისი იმუნიტეტის დაქვეითებას. Მაგალითად, პაციენტები, რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას, პაციენტები გარკვეული ქრონიკული დაავადებებით ან თანდაყოლილი ნერვული სისტემის დაზიანებებით. 

რა ხდება თუ ორი სინოფარმის/სინოვაკის შემდეგ სამოგზაურო მიზნით ფაიზერის ორი დოზა გავიკეთე ჯერ კიდევ გასულ წელს?

იმუნიზაციის საბჭო ამ ეტაპზე მეხუთე დოზის რეკომენდაციას არ გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რვა თვეა გასული მას შემდეგ, რაც უცხოეთში წასვლის მსურველებმა ევროპის არაღიარებული ვაქცინის შემდეგ ფაიზერით იმუნიზაცია ჩაიტარეს, ისინი დამატებით ბუსტერს ვერ გაიკეთებენ. 

რა ხდება სხვა ქვეყნებში?

საქართველოს მსგავსად, ამერიკასა და ევროპაში ჯერჯერობით ვაქცინის მეოთხე დოზა მხოლოდ 50 წელს ზემოთ მოსახლეობასა და მძიმე დაავადებების მქონე პირებშია დაშვებული. ევროპის წამლის სააგენტოს და ამერიკის CDC-ის რეკომენდაციებით, 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს ვაქცინის ორი გამაძლიერებელი დოზის მიღება შეუძლიათ. პირველი ბუსტერის გაკეთება მეორე დოზიდან არანაკლებ 5 თვის შემდეგ, ხოლო მეორე ბუსტერი ბოლო აცრიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ. იგივე ეხებათ ზომიერად ან მძიმედ იმუნოკომპრომეტირებულ პირებს (მაგალითად, სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას, სვამენ მედიკამენტებს, გადანერგილი აქვთ ორგანო ან ღეროვანი უჯრედები ბოლო 2 წლის განმავლობაში. ასევე, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ზომიერი ან მძიმე პირველადი იმუნოდეფიციტი ან მკურნალობენ ისეთი პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება დათრგუნონ მათი იმუნიტეტი).

"იმუნოკომპრომეტირებულმა პირებმა თავიანთი თავი განსხვვებულ კატეგორიაში უნდა განიხილონ და ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები გაიკეთონ" - ამბობს ინფექციონისტი, ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერი ამეშ ადალია.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი - ევროპაში. მილიონ მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა საფრანგეთი. იქ ბოლო ორი კვირაა, თითქმის ყოველდღიურად 150-200 000 ახალი შემთხვევა დასტურდება. ხუთეულშია იტალია და საბერძნეთიც. Რაც შეეხება გერმანიას და პორტუგალიას, სადაც ივნისის თვეში ვირუსი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდებოდა, ბოლო კვირაში კლების ტენდენცია შეიმჩნევა. 

ეპიდემიოლოგები საქართველოშიც ელოდებიან შემთხვევების კიდევ უფრო ზრდას. მათი ვარაუდით, ქვეყანაში პიკი შემოდგომაზე იქნება. Მართალია, ბოლო ორი თვეა, კორონავირუსის სტატისტიკა მხოლოდ კვირაში ერთხელ ქვეყნდება შეჯამებული სახით, თუმცა, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ უკვე ყოველდღიურად 600-800 შემთხვევას აღრიცხავენ. ამიტომ, მოსახლეობას ვაქცინაციის გარდა, დახურულ სივრცეში, მათ შორის ტრანსპორტში პირბადის გამოყენებასაც ურჩევენ.

კომენტარები