რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინამ ხერსონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, სევერსკის მიმართულებით სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციას ცდილობენ.

"უკრაინის სამხედრო ძალები ხერსონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცირე ტერიტორიული წინსვლის მიღწევას განაგრძობენ. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის უშუალო ტაქტიკური მიზანი იყოს სევერსკი, რადგან მისი ძალები წინსვლას სლოვიანსკ-კრამატორსკის ურბანული ზონისკენ ცდილობენ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები