დეოლიგარქიზაციის კამპანია

ქუთაისში 9 ივლისს ფილმს "ქართველი მაშასადამე ევროპელი" აჩვენებენ, 10-11-ში - გამოფენა გაიხსნება

7 ივლისს ქუთაისში, მესხიშვილის თეტრთან, ევროპული საქართველოს, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების წარმომადგენლები დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს 9 ივლისს დაგეგმილ ფილმის ჩვენების ღონისძიების "ქართველი, მაშასადამე ევროპელისა" და 10 ივლისს ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" მოსაწვევ ფლაერებს ურიგებენ.

ღონისძიება "ქართველი, მაშასადამე ევროპელის" ფარგლებში 9 ივლისს, 21:00 საათზე მოეწყობა ფილმი "თავისუფლებისთვის" ჩვენება, რომელიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ეხება, ხოლო 10 ივლისს გაიმართება ექსპოზიცია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი", რომელიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან ქართველთა გენოციდზე მოგვითხრობს.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის თქმით, ღონისძიებების მთავარი არსი არის საქართველოს სწრაფვა თავისუფალი სამყაროსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. 

"ამ ორ ღონისძიებაზე ვეპატიჟებით ქუთაისელებს და ფლაერები ნაწილი ახლა დავარიგეთ და ნაწილს მერეც ვაპირებთ რომ დავარიგოთ. მთავარი სათქმელი ჩვენი ღონისძიებების არის ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მტერი არის რუსეთი და მეორე მხრივ, ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და რომ ჩვენი მთავარი ისარი არის დასავლეთი და ევროკავშირი".– თქვა ხვადაგიანმა.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების და ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, რეგიონებში აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ რუსეთის, როგორც ოკუპანტის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდეს ისე, რომ აღარასდრის შეიცვალოს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის შესახებ აზრის ჩამოყალიბება მოხდეს ისე, რომ ეს აღარ შეიცვალოს არასდროს და ვფიქრობ, ამის გაკეთება საუკეთესოდ შეუძლია იმ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა და სამწუხაროდ, ეს კარგად ვერ შეფასდა თავის დროზე აფხაზეთში - 1992-93 წლებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თბილისში უკვე გვქონდა გამოფენა - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" და ახლა იმავე გამოფენას ვხსნით კლუბ "ბუდეში", გაიხსნება 10 ივლისს, საღამოს 8 საათზე და დაიხურება 11 ივლისს. ქუთაისელებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გემოვნებისა, ყველა პატრიოტ ქუთაისელს გიწვევთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღისთვის ის ტანჯვა, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა გამოიარეს, ჩვენც გავიზიაროთ - ამის საფუძველზე გამოვიტანოთ დასკვნები, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ჩვენი მეგობარი". - ამბობს თამარ ჩერგოელიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები