პუტინის რუსეთი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტი იური დუდი უცხოეთის აგენტად ცნო

Forbes.ru

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცნობილი ვიდეობლოგერი და ჟურნალისტი იური დუდი უცხოეთის აგენტად ცნო.

აპრილში სამინისტრომ დუდის Youtube გადაცემა ВДудь უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა. ჟურნალისტმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მოსკოვის სასამართლომ დუდის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

დუდის წარმომადგენლების განმარტებით ჟურნალისტს უცხოეთის აგენტის სტატუსი იმის გამო მიენიჭა, რომ საკუთარ გადაცემაში ციტირებდა გამოცემებს The Insider და Медуза(რუსული ოპოზიციური მედია, რომელსაც ასევე აგენტის სტატუსი აქვს მინიჭებული), ასევე Youtube-ის საშუალებით იღებდა ფულს უცხო ქვეყნებიდან.

იური დუდი ყველაზე პოპულარული რუსი ვიდეობლოგერია, მის გადაცემას ხშირად სტუმრობენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. ჟურნალისტს ასევე გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი, მათ შორის გახსოვდეს ბესლანი, რომლის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდისტებმა ნამდვილი ლაშქრობა მოაწყვეს.

2021 წელს მოსკოვის სასამართლომ დუდი ნარკოტიკების პროპაგანდაში დამნაშავედ ცნო და 100 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

უკრაინაში რუსულ ინტერვენციას დუდი ამ სიტყვებით გამოეხმაურა:

"გამუდმებით მაქვს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა, ერთის მხრივ იმაზე, რომ უძლური ვარ, მეორეს მხრივ იმაზე, რომ ეს ჩემი ქვეყანაა. მე რუსეთში გავიზარდე, რუსეთი ჩემი სამშობლოა, სიყვარულით ვეკიდები სამფერიან დროშას, რომელსაც ხელზე ვატარებ, მაგრამ მხარს ვუჭერ უკრაინას, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების სამშობლოს".

ამ დროისთვის ცნობილი ვიდეობლოგერი რუსეთში არ იმყოფება.

კომენტარები