რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ოკუპანტების მიერ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 7

Miguel Medina/AFP/Getty Images

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 7 მოქალაქე. 

"რუსები განზრახ ესხმიან თავს ადგილებს, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილი. ეს ნამდვილი ტერორიზმია". - დაწერა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკო, Telegram-ზე. 

კირილენკომ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, მისივე სიტყვებით, "ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ახლა თქვენი სიცოცხლის გადარჩენაა".  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები