რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: EU თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პოლიტიკურ არჩევანს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების ეფექტურობას განიხილავს. 

ბორელის თქმით, ევროკავშირი ნელ-ნელა თავისუფლდება რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან, რომელიც წარსულში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწაყვეტილებების მიღებას აფერხებდა. 

"2022 წლის ბოლომდე ჩვენ 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს. ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის წინაშე. ის ალბათ თვლიდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი, არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს. რა თქმა უნდა, რუსულ ენერგიაზე ასე სწრაფად უარის თქმა სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროკავშირის ქვეყნებისა და რამდენიმე ეკონომიკური სექტორისთვის. მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად და ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობით" – წერს ბორელი.

30 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

სანქციების საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა.

ასევე, რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა ბულგარეთს, ფინეთსა და პოლონეთს უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება, რადგან მათ უარი თქვეს კრემლისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა.

 

კომენტარები