რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ოკუპანტები ბახმუტსა და სევერსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

Institute for the Study of War-ის (ISW) 4 ივლისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები ბახმუტსა და სევერსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან, თუმცა ლისიჩანსკის ბრძოლების შემდგომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიონ.

ინსტიტუტის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტად ესხმიან თავს რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას და აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ის იარაღების მეშვეობით ტერიტორიებზე წინსვლას ცდილობენ.

კერძოდ, უკრაინის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ რუსულ საბრძოლო საცავებს ხარკოვის ოლქში, დუბროვნიში (ფრონტის ხაზთან) 4 ივლისს და სნიჟნეში, დონეცკის ოლქში (დაახლოებით 75 კმ ფრონტის ხაზიდან).

  • რუსეთის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ლისიჩანსკის და ლუგანსკის ოლქის საზღვრის აღების შემდეგ ოპერაციული პაუზის პირობები წამოაყენოს.
  • რუსეთის ჯარები აძლიერებენ ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ კონტროლს სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.
  • დამპყრობლებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის აღმოსავლეთით, რათა მოემზადებინათ შეტევა ბახმუტისა და სევერსკის წინააღმდეგ.
  • ოკუპანტებმა განაგრძეს შეზღუდული და წარუმატებელი წინსვლა ხარკოვის ჩრდილოეთით.
  • რუსეთის ხელმძღვანელობას შეუძლია დააყენოს პირობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების გაწვევისთვის.

3 ივლისის ანგარიშის მიხედვით, რუს სამხედროებს ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკის აღებაში ორი უმაღლესი გენერალი, ალექსანდრ ლაპინი და სერგეი სუვორიკინი ხელმძღვანელობდნენ, რადგან ეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები